Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარეს თავისუფლებისთვის - მთავრობის კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს


აქცია მთავრობის კანცელარიასთან
აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მთავრობის კანცელარიასთან „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და პოლიციის კუთვნილი ავტომობილის დაწვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი მოქალაქეები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია.

აქციაზე მივიდა თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერას გამოხატავს. ევროპარლამენტარმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ მიეღო ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონი, "სამარცხვინო" უწოდა:

"მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო იყო ის, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოხდა. ჩვენთვის, ევროკავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა ლაზარეს მხარდასაჭერად. შესაძლოა, ჩადენილი იყო რაიმე დანაშაული, თუმცა, ის გამოარჩიეს, მისკენ გაიშვირეს თითი და ეს სამარცხვინოა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება, დემონსტრაციის გამართვის უფლება და არ უნდა გამოვარჩიოთ ინდივიდები, დემონსტრაციების მონაწილეები. ამიტომ არის კარგი, რომ ხალხი გამოვიდა და სოლიდარობა გამოხატა".

აქციაზე მოქალაქეები მისულები არიან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი პლაკატებითა და გზავნილებით - „მე ვისროლე“. ამ გზავნილში იგულისხმება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რომლის სროლის ბრალდებითაცაა დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა.

ხელისუფლების პირველი პირების ბოლოდროინდელი შეფასებებისა და ეპითეტების ფონზე, როდესაც ისინი მარტის აქციების ახალგაზრდა დემონსტრანტებს „სატანისტებად“, „ორიენტაცია არეულებად“, „ათასლარიან ახალგაზრდებად“ მოიხსენიებდნენ, 21 წლის ბიჭის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ლაზარეს გარეგნობა (შეღებილი თმა და ტატუები), ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ის პოლიციის „სამიზნე“ გახდა.

მათი თქმით, ამ ფორმით სჯის ხელისუფლება ახალგაზრდა თაობას, რომელმაც მარტის აქციებზე ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონი გააპროტესტა და ხელი შეუშალა იმ კანონის მიღებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

აქცია მთავრობის კანცელარიასთან
აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მთავრობის კანცელარიასთან დამონტაჟებულ ეკრანზე გადის ფილმები - „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული“.

აქციაზე არ არის სიტყვით გამოსვლები.

ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 31 მარტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს დარბაზსა და ეზოში პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია 31 მარტსვე გაიმართა პარლამენტის შენობასთან.

ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი გზავნილები. 21 წლის ბიჭს სოლიდარობა უცხადებენ მუსიკოსები, ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები.

ხელისუფლების პირველი პირების ბოლოდროინდელი შეფასებებისა და ეპითეტების ფონზე, როდესაც ისინი მარტის აქციების ახალგაზრდა დემონსტრანტებს „სატანისტებად“, „ორიენტაცია არეულებად“, „ათასლარიან ახალგაზრდებად“ მოიხსენიებდნენ, 21 წლის ბიჭის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ლაზარეს გარეგნობა (შეღებილი თმა და ტატუები), ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ის პოლიციის „სამიზნე“ გახდა.

31 მარტს გამართულ სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისმა თქვა, რომ სურს სასამართლოს ხელახლა მისცეს ჩვენება. მას ერთი ჩვენება უკვე მიცემული აქვს, პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე. ამ ჩვენებაში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი აღიარებს “მოლოტოვის კოქტეილის” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას. მისი ადვოკატი ლიკა ბითაძე ეჭვობს, რომ ეს ჩვენება შესაძლოა ზეწოლის შედეგად იყოს მიცემული.

გარდა სოლიდარობის აქციისა, ლაზარე გრიგორიადისისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად თანხა გროვდება. სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოთხ საათში 20 ათასი ლარი შეგროვდა:

„თანხას მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს. მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი. მადლობის მეტი რა მეთქმის მეც, მადლობა, რომ არასდროს გეზარებათ თქვენი პოზიციის გამოხატვა”, - წერს სალომე ბარკერი ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG