Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა რუს კოლეგას ჟურნალისტ გერშკოვიჩის დაუყოვნებლად გათავისუფლებისკენ მოუწოდა


ევან გერშკოვიჩი
ევან გერშკოვიჩი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კვირას გამართეს სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ენტონი ბლინკენმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლად მოითხოვა.

როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით, ენტონი ბლინკენმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და სიტუაციას მიუღებელი უწოდა. გარდა ამისა ლავროვმა და ბლინკენმა იმ პირობების შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რომლებიც დიპლომატიურ მისიებს აძლევს საშუალებას, შეასრულონ მათზე დაკისრებული სამუშაოები.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 31 მარტს რუსეთს მოუწოდა Wall Street Journal-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მოსკოვში, სასამართლო პროცესის მოლოდინში, პატიმრობაში იმყოფება.

"გამოუშვით!", გამოთქვა მოწოდება ბაიდენმა, როცა თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

30 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც „ამერიკული მხარის დავალებით მოქმედებდა“ და "აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.

ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯაშუშობის მუხლით, რომელიც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG