Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის დაცვის თანამშრომელი რუსეთიდან გაიქცა და პრეზიდენტთან მუშაობის შესახებ ალაპარაკდა


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSO) კაპიტანი გლებ კარაკულოვი, რომელიც დეპარტამენტში 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ინჟინრად მუშაობდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა, საზღვარგარეთ წავიდა და დაგმო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი.

სამშაბათს „ცენტრმა დოსიემ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ კარაკულოვთან, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების მიზეზად მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი დაასახელა.

კარაკულოვმა პუტინს უწოდა "ომის დამნაშავე", რომლის სამსახურში ყოფნა მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

ოქტომბერში კარაკულოვი მივლინებით გაგზავნეს ყაზახეთში, სადაც ჩავიდა მისი ცოლ-შვილიც. მივლინების ბოლო დღეს, ის და მისი ოჯახის წევრები იქიდან სამსახურებრივი პასპორტით გაფრინდნენ სტამბოლში.

ინტერვიუში ოფიცერი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო დაცვის სამსახური. ამ სპეციალურ სამსახურს მან უწოდა "ძალიან დამოუკიდებელი ორგანიზაცია." ვლადიმირ პუტინი, მისი თქმით, არ იყენებს არც მობილურ ტელეფონს და არც ინტერნეტს. "ყველა ინფორმაციას ის იღებს მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასთან უშუალოდ არიან დაახლოებულნი. ის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს", - ამბობს სპეციალური კომუნიკაციების ოფიცერი. მან ასევე დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებსაც პუტინთან ერთად უწევთ ოთახში ყოფნა, კვლავ გადიან ორკვირიან კარანტინს. კარაკულოვის თქმით, მან არ იცის რუსეთის პრეზიდენტის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს FSO-ს ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

2023 წლის მარტში ბარნაულის სასამართლომ 6,5 წელი მიუსაჯა სახელმწიფო ფედერალური დაცვის სამსახურის მაიორ მიხაილ ჟილინს, რომელიც უკრაინაში ომის გამო ყაზახეთში გაიქცა.

მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ დეკემბერში უკან რუსეთში დააბრუნეს.

XS
SM
MD
LG