Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკვარული ავტომანქანების პოპულარიზაციის მიზნით, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს


არჩილ თალაკვაძე 1971 წელს გამოშვებულ „ფოლკსვაგენ კარმან-გიასთან"(Volkswagen Karmann Ghia)
არჩილ თალაკვაძე 1971 წელს გამოშვებულ „ფოლკსვაგენ კარმან-გიასთან"(Volkswagen Karmann Ghia)

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ერთხმად (80 ხმით) მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო ავტომანქანების პოპულარიზაციას.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პაკეტის ინიციატორები არიან ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატები არჩილ თალაკვაძე, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ბექა ოდიშარია და დავით კაჭარავა.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, შემოდის „კლასიკური ავტომობილის" ცნება და ის 40 წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანებზე გავრცელდება. „საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, მასზე შემცირდება აქციზის განაკვეთი და ნაცვლად 1 სმ3-ზე 2.4 ლარისა, განისაზღვრება 1 სმ3-ზე 1,5 ლარით.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაცია, ავტომუზეუმებისა და საავტომობილო კოლექციების შექმნისა და გაფართოებისათვის ხელშეწყობა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კულტურისა და ტურიზმის განვითარებასთან".

კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემდეგ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალურად განისაზღვრება კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმებისა და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები, ასევე, დარეგულირდება ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ 2021 წლის ივნისში ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა 1971 წელს გამოშვებულ „ფოლკსვაგენ კარმან-გიას" (Volkswagen Karmann Ghia) ძარასთან გადაღებული ფოტო. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ავტომანქანის რესტავრაცია დაასრულა და შესაბამისი ფოტო განათავსა სოციალურ ქსელში.

2022 წლის აგვისტოს არჩილ თალაკვაძემ რესტავრირებული ავტომანქანასთან ფოტო ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
2022 წლის აგვისტოს არჩილ თალაკვაძემ რესტავრირებული ავტომანქანასთან ფოტო ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG