Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა რუსეთს დაუბლოკა გაეროში პუტინის წარმომადგენლის გამოსვლის ვიდეოტრანსლაცია


მარია ლვოვა-ბელოვა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე. 2023 წლის თებერვალი
მარია ლვოვა-ბელოვა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე. 2023 წლის თებერვალი

რუსეთმა, რომელიც როტაციის წესით, აპრილიდან გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, არაფორმალურ სხდომაზე ონლაინ გამოსვლისთვის მიიწვია პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვა. ჰააგის სასამართლოს მისი და პუტინის დაკავების ორდერები აქვს გაცემული.

რუსეთის მიერ მოწვეული არაფორმალური სხდომის თემაა: „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტები: უკრაინის კრიზისი. კონფლიქტის ზონიდან ბავშვების ევაკუაცია“. სხდომა დღეს, 5 აპრილს, უნდა ჩატარდეს.

გაეროს ვიდეოარხით ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია დაბლოკა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობამ. მისი განცხადებით, მარია ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე - უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე და თუ საკუთარ ქმედებებზე ლაპარაკი უნდა, ეს შეუძლია ჰააგაში გააკეთოს.

დიდი ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ლვოვა-ბელოვას დეზინფორმაციის გასავრცელებლად გაეროს პლატფორმა არ უნდა დაუთმონ. თავის მხრივ, რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთს არ სურს სიმართლე გაიგოს უკრაინელი ბავშვების ევაკუაციის შესახებ. პოლიანსკი ირწმუნება, რომ მოძებნიან ლვოვა-ბელოვას გამოსვლის სხვა პლატფორმებზე ტრანსლაციის საშუალებას.

გაეროს ოფიციალური ვიდეოარხით ტრანსლაციას უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. მისი დაბლოკვა პრაქტიკულად, არასდროს ხდება. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა დასავლეთის სახელმწიფოებს დაემუქრა, რომ დიდი ბრიტანეთის ქმედებას პრეცედენტად ჩათვლის და მათ მიერ ინიციირებული განხილვების ვიდეოტრანსლაციას დაბლოკავს.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG