Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგერები ჰაოიანი და გელა „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს


ჰაოიანი და გელა
ჰაოიანი და გელა

რუსეთის ქალაქ ყაზანში „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს ბლოგერები ჰაოიანი და გელა. ამის შესახებ მათ თავიანთ ტელეგრამის არხზე დაწერეს. ბლოგერების დაკავების შესახებ იუწყებიან რუსული გამოცემები „Сота“ , „Baza“ და „ОВД-Инфо“.

ჰაოიან სიუი ჩინელია, გელა გოგიშვილი - რუსეთში მცხოვრები ქართველი. ჰაოიანი რუსეთში რუსული ენის სასწავლებლად ჩავიდა და გელა გაიცნო, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამის შესახებ მათ უამბეს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, ტექსტი რადიო თავისუფლების გვერდზე ქართულადაც გამოქვეყნდა.

ბლოგერებს ტელეგრამზე აქვთ გვერდი „Китаеза и Груеза“. ისინი TikTok-სა და Youtube-ზე თავიანთი ურთიერთობის ამსახველ ვიდეორგოლებს ათავსებენ. ისინი ჰყვებოდნენ, რომ ბლოგები ჰომოფობებს მოხვდათ თვალში და წყვილს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გოგიშვილის თქმით, მარტში ცნობილმა ჰომოფობმა თემურ ბულატოვმა ხალხი შეუსია, დახოცვისა და დასაჭურისების მუქარით.

ბლოგერების ადვოკატის, ადელ ხაიდარშინის თქმით, დაკავებულებს ბრალად სდებენ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21-ე მუხლის დარღვევას („არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდა“), რაც 100 ათას რუბლამდე ოდენობის (დაახლოებით 3200 ლარი) ჯარიმას ითვალისწინებს.

დაკავებულები ახლა პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან. ადვოკატს მათი მონახულების საშუალება დაკავებიდან საათზე მეტი ხნის შემდეგ მიეცა. გოგიშვილის თქმით, სიუი „ბურგერ კინგში“ პასპორტისა და რეგისტრაციის დოკუმენტის შემოწმების მიზნით გააჩერეს. მას თან არ ჰქონდა არანაირი საბუთი, რისი მიტანაც გელა გოგიშვილს სთხოვა. ადგილზე გელას მისვლისთანავე ორივე დააკავეს. ჰაოიანი ჩინეთის მოქალაქეა და შესაძლოა დეპორტაციას დაექვემდებაროს.

2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აიკრძალა პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება „ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ“. კანონდამრღვევი მოქალაქისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 400 ათას, ხოლო ორგანიზაციისთვის - ხუთ მილიონ რუბლამდე ოდენობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG