Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს" - შალვა რამიშვილის შვილი მამის მსხვერპლებს მხარდაჭერას უცხადებს


ლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი

პროპაგანდისტული მედიის, "პოსტივის" ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის უფროსი ვაჟი ლაშა რამიშვილი ფეისბუკზე მამის მსხვერპლი ქალების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, რომელში წერს, რომ თვითონაც ტკივილი, სირცხვილის გრძნობა და იმედგაცრუება აკავშირებს მამასთან. ის ამბობს, რომ მამასთან არც მას და არც მის ძმებს "არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა აკავშირებთ" და შალვას "რეალურად არასოდეს შეუსრულებია მამის როლი."

ლაშა რამიშვილი წერს, რომ ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო დროს მამის მიერ შევიწროებული ქალების ისტორიებმა გაუცოცხლა ყველა ტკივილი და გააცნობიერა, რომ "უთქმელობა არის უსამართლობა არა მარტო მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვის." მთავრობის პროპაგანდისტის შვილი წერს, რომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო შალვა რამიშვილის მხრიდან მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდების დაცინვა პირდაპირი ეთერიდან მაშინ, როცა თვითონაც ამ აქციებში მონაწილეობდა.

"ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ.

მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი.

რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატიურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე, ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება...

რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან.

მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა. ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი.

ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს „ჩმორები“ გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ. ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას.

მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს", - წერს ლაშა რამიშვილი და ამბობს, რომ მამას არც დედის მიმართ ჰქონია პატივისცემა.

"ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს", - წერს ახალგაზრდა კაცი. ის ამავე სტატუსში თანადგომას უცხადებს მარტის აქციების მონაწილეს, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვაში ბრალდებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

"დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ", - წერს ლაშა რამიშვილი და აქვე აკრიტიკებს მმართველი პარტიის პოლიტიკას და იდეოლოგიას.

"ქართული ოცნება ყოფილი დამნაშავე რეჟიმის მტრის ხატად გამოყვანით ინარჩუნებს საარჩევნო ხმებს, რითაც ხელოვნურად აცოცხლებს ისედაც მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას და ამით ცდილობს ქვეყნის რეალური მტრიდან ჩვენი ყურადღების არიდებას.

სინამდვილეში მთავრობაში მყოფ კაცებს, არც პატრიოტული მიზნები აინტერესებთ და არც გაჭირვებული ხალხის ბედი. ისინი არიან „ბასლაინებზე“ მოსიარულე, რეალობას აცდენილი ინდივიდები", - აღნიშნავს ლაშა რამიშვილი.

ლაშა რამიშვილის სტატუსთან დაკავშირებით ფეისბუკზე წერს შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლიც. თეა აბაშმაძე ამბობს, რომ უფროსი შვილის წერილში გაერთიანებულია მისი ძმების და მისი სათქმელიც, "რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა."

"ვიცი რომ ამ აქტს მოყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში", - წერს თეა აბაშმაძე.

შალვა რამიშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ქალმა ამხილა წარსულში მათზე განხორციელებულ ზეწოლასა და სექსუალურ შევიწროებაში. ყველა ქალი, ვინც შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ილაპარაკა საჯაროდ, მას სამსახურში შეხვდა.

შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი უკვე დადგენილი აქვს სამივე ინსტანციის სასამართლოს თათია სამხარაძის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG