ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში მოამზადა დასკვნა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტი 2023 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგინეს. ევროსაბჭოს ოფისი აცხადებს, რომ რეკომენდაციას უწევენ „მაუწყებლობის შესახებ“კანონის გადახედვას, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
„პირველადი სამართლებრივი დასკვნა 2022 წლის 20 ნოემბრის მოთხოვნის საფუძველზე, გადაეცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. იგი განიხილავდა სამ მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ, რეკლამებსა და გადაცემებში სიძულვილის ენის აკრძალვას, ტერორიზმის წახალისებას და პასუხისა და გასაჩივრების უფლებებს. პირველად სამართლებრივ დასკვნაში ასევე ხაზგასმული იყო კანონპროექტის სხვა დებულებების შეუსაბამობა ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის, ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან (AVMSD). აღსანიშნავია, რომ პარლამენტი, რომელმაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები საბოლოო დასკვნის წარდგენამდე და პირველად დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად მიიღო, კანონის გადახედვასთან დაკავშირებით მზაობას მაინც გამოხატავს.
სამართლებრივი დასკვნა ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ საკანონმდებლო აქტებს და 2022 წლის ნოემბერში, დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში მიღებულ უკუკავშირს", - ნათქვამია ცნობაში.
სამართლებრივი დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ" კანონის რამდენიმე სფერო არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს. საერთო ჯამში, აღნიშნულია, რომ არსებული კანონი არ შეესაბამება AVMSD-ს (აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივა). გარდა ამისა, ევროსაბჭოს ოფისი მიუთითებს, რომ არსებობს მთელი რიგი დებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება). დასკვნის ავტორები მიიჩნევენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
„მაუწყებლობის შესახებ" კანონის ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის AVMSD-თან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამართლებრივ დასკვნაში მოცემულია 64 რეკომენდაცია. ეს რეკომენდაციები, სხვა საკითხებთან ერთად, შემდგომ თემებს ეხება:
- მედიის მარეგულირებელ ორგანოსთან დაკავშირებული დებულებები, მათ შორის მისი დამოუკიდებლობის გარანტიები;
- ვიდეოგაზიარების პლატფორმებთან დაკავშირებული დებულებები, მათ შორის საჩივრების განხილვის სისტემა, სანქციები, ანგარიშვალდებულება და ა.შ.;
- გასაჩივრების უფლება და მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების ეფექტი;
- ლიცენზირება და ავტორიზაცია, მათ შორის მომსახურების შეჩერებასა და აღდგენასთან დაკავშირებული დებულებები;
- პასუხის უფლება - შესწორებასა და უარყოფასთან დაკავშირებული ასპექტები;
- „სიძულვილის ენა“ და ტერორიზმის წახალისებასთან დაკავშირებული დებულებები;
- სანქციები არასრულწლოვანთა დაცვის წესების დარღვევისათვის.
სამართლებრივი დასკვნა მოამზადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტმა.
საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე და ბექა ოდიშარია.