სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მარშალ ქომინსის საზღვარზე არშემოშვებასთან დაკავშირებით.
მარშალ ქომინსს, სტრატეგიულ კონსულტანტს, კრიზისების მენეჯერსა და სპეციალისტს ევრაზიის საკითხებში, საქართველოში შემოსვლაზე უარი რამდენიმე დღის წინ უთხრა საქართველომ. გრიგოლ ლილუაშვილის მტკიცებით, უარის მიზეზი გახდა ის, რომ ქომინსის საქმიანობა უკავშირდებოდა 7-8 მარტის აქციებზე "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებას, მითითებების მიცემას და ა.შ".
"ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. მე ვერ გეტყვით, მოსამართლეების სანქციები პირდაპირ კავშირშია ამ არშემოშვებასთან თუ არ არის, ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს...
...ამერიკის საელჩო არ დაგვიკავშირდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. მიზეზი, ალბათ, თვითონაც კარგად იციან, თუ რატომ არ შემოვუშვით. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში", - უთხრა დღეს მედიას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. მის მიერ გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარშალ ქომინსი საქართველოში მარტის აქციების მონაწილეებს ატრენინგებდა აქ წინა ვიზიტის დროს. აქცენტი ამ ტექსტებში კეთდებოდა "ფრანკლინის კლუბზე."
მარშალ ქომინსზე საუბრისას გრიგოლ ლილუაშვილს ჰკითხეს, ეწევა თუ არა ის აწ გარდაცვლილი პიტერ აკერმანის, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებლის მსგავს საქმიანობას საქართველოში. აკერმანს პერიოდულად საქართველოს ხელისუფლება საქართველოში გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა.
"აკერმანი აღარ არის ცოცხალი. დააყენეთ ის კაცი საფლავში. შეიძლება უარესსაც ეწეოდა. მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აკერმანი ახსენეთ და აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მასაც არ შემოვუშვებდით მას შემდეგ, ის მხილებულ იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც იყო წარმოდგენილი“, - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ფეისბუკში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის სექტემბერში მარშალ ქომინსი საქართველოში ვიზიტისას შეხვდა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.