Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტში სასტიკი ბრძოლა გრძელდება


საილუსტრაციო ფოტო. ქალაქი ბახმუტი, რომელიც უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება
საილუსტრაციო ფოტო. ქალაქი ბახმუტი, რომელიც უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 18 საავიაციო და 5 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 53-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 40-ზე მეტი შეტევა.

გენერალური შტაბის თანახმად, სასტიკი ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, რომელზეც რუსეთის საოკუპაციო ძალებს სრული კონტროლის დამყარება სურთ. შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში მოწინააღმდეგე უშედეგოდ უტევდა ბახმუტის რაიონში მდებარე დასახლებულ პუნქტებს: ორეხოვო-ვასილევკას, ბოგდანოვკას და ბილა გორას, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა 16 იერიში მოიგერიეს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 6 აპრილს, რუსეთის ძალებს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდათ ქალაქ ბახმუტის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო უკრაინის ძალებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სახმელეთო შეტევა მოიგერიეს ბახმუტიდან დასავლეთით, 6 კილომეტრში.

  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG