Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი დღეს, 7 აპრილს, ცალმხრივად ჩაიკეტა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ.

რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტებმა უთხრეს, რომ მათთვის არავის განუმარტავს მიზეზები, არც ის, რა ვადით დაწესდა ეს შეზღუდვა.

„ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს. მხოლოდ მგზავრებმა თქვეს ენგურის ხიდზე, რომ, სავარაუდოდ, 10 აპრილამდეა ჩაკეტილი. ყველა თბილისში დაგეგმილ 9 აპრილის აქციას უკავშირებს, რადგან ამ აფხაზებს არეულობის ეშინიათ. ზუსტად არავინ იცის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებმა ნაბაკეველმა ქალმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ენგურის ხიდის ცალმხრივად დაკეტვის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს.*

ენგურის ხიდი ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მოქმედებს. მისი დახმარებით „საზღვარს“ ყოველდღიურად ასობით მოქალაქე კვეთს, ორივე მიმართულებით. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში ძირითადად ჯანდაცვის სერვისების მისაღებად და სურსათის საყიდლად მოდიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ხიდზე შეზღუდვას აწესებს. ხიდი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არაერთხელ ჩაუკეტავთ.

განახლება:

* მასალის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა კომენტარი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობის დასაწყვეტილებასთან დაკავშირებით: „საოკუპაციო ძალის აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის მორიგ აქტს და აუარესებს, როგორც ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ, ისე უსაფრთხოების გარემოს”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG