Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმების შემდეგ ისრაელი მეტ პოლიციელსა და ჯარისკაცს უკეთებს მობილიზაციას, ბორელმა დაგმო ძალადობის ესკალაცია


თელ-ავივში თავდასხმის ადგილი. 7 აპრილი. 2023 წელი
თელ-ავივში თავდასხმის ადგილი. 7 აპრილი. 2023 წელი

თავდასხმების შემდეგ, რომლებსაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელი მეტ პოლიციელსა და ჯარისკაცს უკეთებს მობილიზაციას. ამის შესახებ იტყობინება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი.

7 აპრილს, თელ-ავივში, ზღვისპირა ქუჩაზე მოხდა თავდასხმა, ავტომობილით დაჯახების შედეგად დაიღუპა იტალიელი ტურისტი, დაშავდა შვიდი პირი. ისრაელის მედიის თანახმად, ავტომობილს მართავდა ისრაელელი პალესტინელი, რომელიც პოლიციამ მოკლა. მანამდე ინციდენტი მოხდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე, სადაც ისრაელის და ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე ორი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ხოლო მათი დედა მძიმედ დაშავდა. ისრაელის არმიის ცნობით, მათ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მოხდა ავარია.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა დაგმო ძალადობის ესკალაცია ისრაელსა და პალესტინელებს შორის და ორივე მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და ხელი შეუწყონ სიმშვიდეს რელიგიური დღესასწაულების პერიოდში.

თელ-ავივის მერმა, რონ ჰულდაიმ განაცხადა, რომ თავდასხმები „დიდი ხანია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“. ის თვლის, რომ ისრაელის მტრებმა ისრაელის სისუსტე იგრძნეს, და ტელესადგურ „მე-12 არხთან“ საუბარში იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი დაფიქრდება და იზრუნებს იმისთვის, რის პირობაც საარჩევნო კამპანიისას დადო: პირადი უსაფრთხოება, ეკონომიკის გაუმჯობესება და ირანის მხრიდან მუქარა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ბოლო ხანებში და ახლა გამწვავდა ებრაული პასექის და მუსლიმანური რამადანის პერიოდში. გასულ კვირაში შეტაკება იყო იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთში, ტაძრის მთაზე პალესტინელ მლოცველებსა და ისრაელის უშიშროების ძალებს შორის. ამას მოჰყვა ლიბანის ტერიტორიიდან და ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა, რომელიც, ისრაელის არმიის თანახმად, უძლიერესი იყო 2006 წლის შემდეგ. ისრაელის ძალებმა ამის შემდეგ იერიში მიიტანეს მეზობელ ქვეყანაში პალესტინელთა საყრდენ პუნქტებსა და ღაზის სექტორზე, რის შემდეგაც მოხდა 7 აპრილის თავდასხმები.

XS
SM
MD
LG