Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ფინანსურ დახმარებას სთავაზობს გრიბოედოვის თეატრს თბილისში


გრიბოედოვის თეატრი თბილისში
გრიბოედოვის თეატრი თბილისში

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „Tass”-ი წერს რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც განკუთვნილია ათ ქვეყანაში რუსული თეატრებისთვის. ამ სიაში ერთ-ერთია თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრი.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილის, ალა მალინოვას გამოსვლას კონფერენციაზე "რუსული თეატრი საზღვარგარეთ, როგორც რუსული კულტურის ინსტიტუტი". კონფერენცია 7-8 აპრილს სანქტ-პეტერბურგში იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებიც.

მანილოვას თქმით, რუსეთს გარეთ მდებარე რუსული დრამატული თეატრების დაფინანსება განკუთვნილია უახლესი თეატრალური სასცენო დანადგარების შესყიდვისა და საპრემიერო დადგმების ხელშეწყობისთვის. „5 მილიონი რუბლი (დაახლ. 60 ათასი აშშ დოლარი) გამოიყოფა სასცენო დანადგარებისთვის, 5 მილიონი საპრემიერო დადგმების ხელშესაწყობად”, – განაცხადა მან.

რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთს გარეთ არსებული რუსული თეატრების დაფინანსების წყარო იქნება ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „რუსული სეზონები” (“Русские сезоны”).

რუსეთის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ასევე რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. რუსეთის საზღვრებს გარეთ, 43 ქვეყანაში სულ 176 თეატრი ფუნქციონირებს.

რადიო თავისუფლებამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა როგორც კულტურის სამინისტროში, ასევე გრიბოედოვის თეატრში. სამინისტროსგან ჩვენ გვაინტერესებდა, იციან თუ არა რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილების შესახებ და რამდენად მისაღებია მათთვის თბილისში არსებული თეატრისთვის რუსული სუბსიდია; თეატრს კი ვკითხეთ, აპირებენ თუ არა ამ თანხის მიღებას. არც თეატრსა და არც კულტურის სამინისტროს ჩვენთვის პასუხი არ გაუცია.

XS
SM
MD
LG