Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი თურქეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს თავის აეროპორტზე თავდასხმისთვის


Reuters-ის თანახმად, 8 აპრილს ერაყმა თურქეთს მიმართა, ბოდიში მოიხადოს ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სულეიმანიის აეროპორტზე თავდასხმისთვის.

ერაყის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, ამასთან, რომ ანკარამ უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ერაყის ტერიტორიაზე. ერაყის განცხადებაში წერია, რომ თურქეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი, „გააგრძელოს სამოქალაქო მოსახლეობის დაშინება იმ მიზეზით, რომ იქ მის მიმართ მტრული ძალები იმყოფებიან. ამის გამო ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ოფიციალურად ბოდიში მოიხადოს“.

თურქეთის წლების განმავლობაში ებრძვის ქურთ მეამბოხეებს ამ ქვეყნის აღმოსავლეთში, ხოლო ერაყისა და სირიის მსხვილ ქურთულ თემებს გარკვეული თვითმმართველობა აქვთ.

ერაყის ქურთულ პროვინციაში აეროპორტზე თავდასხმა დაგმეს ერაყისა და სირიის ქურთთა ლიდერებმა. სირიის ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ოფისი ბრიტანეთიდან იტყობინება, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ცნობით, სულეიმანიის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად თურქეთის დრონის მიერ განხორციელდა თავდასხმა, რომლის სამიზნე „სირიის დემოკრატიული ძალების მეთაური, მაზმულა აბდი იყო.

აფეთქება ერაყის ჩრდილოეთში მოხდა ერთ დღეში მას მერე, რაც თურქეთმა ჩაკეტა საჰაერო სივრცე ამ აეროპორტის გარშემო იმ მიზეზით, რომ ქურთი მეამბოხეები გააქტიურდნენ და ეს სახიფათო იყო საჰაერო უსაფრთხოებისთვის. სულეიმანიის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, აფეთქება მოხდა აეროპორტის ზღუდის მახლობლად, რამაც გააჩინა ცეცხლი, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG