Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი გეგმა შეცვალა


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკა დონეცკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკა დონეცკის ოლქში

აშშ-ში გრძელდება, სავარაუდოდ, პენტაგონის საიდუმლო მასალების ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტის გამოძიება. მათ შორისაა ინფორმაცია უკრაინის შესაძლო კონტრშეტევის შესახებაც.

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ. დეტალები, ბუნებრივია, დაკონკრეტებული არ არის.

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი დეტალურად სწავლობს სიას იმ პირების, რომლებიც პენტაგონის საიდუმლო ანგარიშებს იღებენ. გავრცელებული დოკუმენტების ნაწილს აქვს აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს, რომ მასალები მომზადებულია კომიტეტის სადაზვერვო დანაყოფის, J2-ის მიერ.

პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა 9 აპრილს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო ისევ ამოწმებს დოკუმენტების ფოტოასლების ნამდვილობას და მათი გავრცელების გავლენას როგორც ამერიკის, ისე მოკავშირეებისა და პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებაზე. სინგჰის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მოკავშირეებს და პარტნიორებს ესაუბრნენ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს კონგრესის კომიტეტებსაც. გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროც.

გასულ კვირაში, გამოცემა New York Times-ის სტატიიდან გახდა ცნობილი, რომ ინტერნეტში გაჟონა, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლებმა, რომლებიც ეხება კონტრშეტევისთვის უკრაინის არმიის მომზადებას. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია, სავარაუდოდ, სხვა საიდუმლო მასალებიც, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთს და რუსეთს, არამედ მოკავშირე სამხრეთ კორეასაც და ასევე, ახლო აღმოსავლეთს.

ტელეკომპანია CNN-ის თანახმად, ოფიციალური პირები ზოგიერთი დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებენ, რაც მიუთითებს, რომ აშშ ჯაშუშობს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებზე, არამედ მოკავშირეებზეც და უსმენს სამხრეთ კორეის, ისრაელის და უკრაინის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG