Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა: აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების დიდი ნაწილი ყალბია


პენტაგონი
პენტაგონი

სამხრეთმა კორეამ 11 აპრილს განაცხადა, რომ ყალბია აშშ-ის იმ სადაზვერვო დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომლებმაც გაჟონა და რომლებიც სეულში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეშფოთებას უკავშირდება.

ეს დოკუმენტები ნაწილია უფრო დიდი მოცულობის მონაცემების გაჟონვისა, რასაც პენტაგონი "ძალიან სერიოზულ" საფრთხეს უწოდებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

გავრცელებული ცნობებით, ზოგიერთ დოკუმენტში ლაპარაკია სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების მაღალჩინოსანთა შეშფოთებაზე, რომ მათ ქვეყანაში წარმოებული იარაღი შესაძლოა უკრაინაში იქნეს გამოყენებული - რაც წარმოადგენს დარღვევას სეულის პოლიტიკისა, არ მიაწოდოს იარაღი ომში მყოფ ქვეყნებს.

აშშ-ისა და ნატოს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ეხება უკრაინის კონტრიერიშს, იარაღის მიწოდებას, ჯარების რაოდენობას, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს, მარტში გამოჩნდა ინტერნეტში. როგორც გამოცემა Politico წერს, გაჟონვას მოჰყვა კრიზისი აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში. წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ აშშ-ის დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომლები დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს სხვა ქვეყნებში, რათა გაექარწყლებინათ სადაზვერვო მასალების გამოქვეყნების თაობაზე გაჩენილი შეშფოთება.

პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, რათა შეაფასოს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფაბრიკაციაა“.

დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ სამხრეთ კორეაში გაისმა კრიტიკა მგრძნობიარე დოკუმენტების არასაკმარისი უსაფრთხოების თაობაზე.

ამის პასუხად სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის ოფისმა 11 აპრილს განაცხადა, რომ დოკუმენტების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა.

XS
SM
MD
LG