შვეიცარიამ 11 აპრილს განაცხადა, რომ ბლოკავს რუსულ აქტივებს, რომლებიც შვეიცარიულ ბანკებშია განთავსებული. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიას ბრალი დასდეს, რომ ის საკმარისს არ აკეთებს ამ მიმართულებით.
მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთს სანქციები დაუწესეს, ბერნმა 8,3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაყინა, განაცხადა ეკონომიკური საკითხების სახელმწიფო სამდივნოს დირექტორმა ელენ ბუდლიგერ არტიედამ. მისი თქმით, ეს შეესაბამება ერთ მესამედზე ცოტა მეტს იმ 23,4 მილიარდი დოლარისა, რომელიც ევროპის მასშტაბით არის გაყინული.
შვეიცარია არ შედის ევროპის კავშირში, მაგრამ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს.
გასულ კვირაში „დიდმა შვიდეულმა“ შვეიცარიას სთხოვა, უფრო აქტიურად გაყინოს რუსი ოლიგარქების აქტივები, წერს გაზეთი Handelszeitung-ი. შვეიცარიის მთავრობისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ყველა ელჩმა მოაწერა ხელი.
გასულ თვეში აშშ-ის ელჩმა შვეიცარიაში, სკოტ მილერმა, განაცხადა, რომ ბერნს დამატებით შეუძლია დაბლოკოს 50-დან 100 მილიარდ ფრანკამდე ღირებულების რუსული აქტივები.
„სანქციები იმდენად არის ძლიერი, რამდენადაც ძლიერია მათ უკან მდგარი პოლიტიკური ნება. უნდა გამოვნახოთ რაც შეიძლება მეტი აქტივი, გავყინოთ ისინი და, თუ აუცილებელია, მათი კონფისკაცია მოვახდინოთ, რათა ისინი უკრაინას გადავცეთ აღდგენისთვის“, - უთხრა ელჩმა Neue Zürcher Zeitung-ს.