Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რესპუბლიკური საავადმყოფოს" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა


ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა
ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის („რესპუბლიკური საავადმყოფოს") გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი გადადგა. ცნობა რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მას ამ პოზიციაზე თეა თავართქილაძე ჩაანაცვლებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში" მიმდინარე პროცესების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა. ის ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს.

„რესპუბლიკურის პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია და გუშინდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, პოზიტიურ ტალღაზე იყო. ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია. ყველა სავარაუდო კითხვას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიმართ, ამომწურავად ვუპასუხეთ და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ ფორმატში ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის გვეპასუხა. იყო მცირედი ინციდენტი, როცა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი და მოხდა სამწუხარო ფაქტი აუდიოჩაწერის და შემდეგ უკვე ერთ-ერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას გადასცდეს ეს ჩანაწერი, რაზეც მომზადდა სრულიად აბსურდული სიუჟეტი. ამ სიუჟეტშიც კარგად ჩანდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულად მივყვებოდით ყველა საკითხს. ამ მომენტისთვის ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს“, - თქვა აზარაშვილმა.

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობაში ათეულობით მედიკოსი მოითხოვდა ხელმძღვანელი პირების გადადგომას. ისინი აცხადებდნენ, რომ ზაზა ავალიანი გადაწყვეტილებებს არ იღებდა თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით.

10 აპრილს ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები ექნებათ. ამის შესახებ მინისტრმა „რესპუბლიკური საავადმყოფოს" კონცეფციის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა მედიასთან.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ექიმების პროტესტი მოჰყვა. თანამშრომლების ერთი ნაწილი ამბობდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მათ ტელეეთერებიდან გაიგეს, როცა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებას „რესპუბლიკურის“ ექიმებმა პროტესტით უპასუხეს. მანამდე ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა.

XS
SM
MD
LG