Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა ბუდაპეშტის ბანკ IIB-ის სამ მენეჯერს, მათ შორის უნგრეთის მოქალაქეს


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გერბი უწყების შენობის კედელზე.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გერბი უწყების შენობის კედელზე.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ბუდაპეშტის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის (IIB) სამ მაღალი რანგის მენეჯერს. ბანკს რუსეთი აკონტროლებს. სანქცირებულთაგან ერთ-ერთია უნგრელი ბანკირი.

აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი. სანქციები დაუწესდა თავად საერთაშორისო საინვესტიციო ბანკსაც.

„IIB-ის ხელმძღვანელები რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან ათანხმებდნენ IIB-ის ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი“, - იტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

უნგრეთი ადრეც გამხდარა აშშ-ის კრიტიკის საგანი იმის გამო, რომ ის მკაცრ ზომებს არ იღებდა რუსეთის დიპლომატების წინააღმდეგ. როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური იტყობინება, რუსეთის დიპლომატები დიდი თავისუფლებებით სარგებლობენ უნგრეთში, ნაწილობრივ - საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის წყალობით.

შარშან შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობებმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ უნგრეთის მთავრობის პოზიციის გამო. თებერვალში თავის ყოველწლიურ მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ელჩების გვარების თაობაზე იხუმრა და მიანიშნა, რომ ვაშინგტონს უნგრეთის მთავრობაზე ზეწოლა სურს. რამდენიმე დღის შემდეგ მმართველი პარტია ფიდესის ფრაქციის სხდომაზე ორბანმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიდესის მთავარი მოწინააღმდეგეა. ამერიკაში უკმაყოფილო არიან იმით, რომ უნგრეთის მთავრობა თვეების განმავლობაში არ იძლეოდა თანხმობას ნატოში ფინეთისა და შვედეთის მისაღებად. ოთხშაბათს გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ დასავლეთის ლიდერები უნგრეთის მთავრობით სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული არიან ნატოს გაფართოების მიმართ ბუდაპეშტის წინააღმდეგობის გამო.

XS
SM
MD
LG