დღეს დილით, ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანის შემოგარენიდან იაპონიის ზღვისკენ ისროლა ბალისტიკური რაკეტა. სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ი არმიის შტაბების მეთაურთა კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტამ დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილზე იფრინა და აღმოსავლეთის ზღვაში(იაპონიის ზღვა) ჩამოვარდა.
იაპონიის მთავრობამ კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა, რადგან უსაფრთხოების სისტემის პროგნოზით, არსებობდა კუნძულზე ან მის მახლობლად რაკეტის ჩამოვარდნის საშიშროება. პროგნოზი არ გამართლდა.
ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდის გამო, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები ბოლოს, სულ მცირე 5-ჯერ გამოცადა 2023 წლის მარტში, სამხრეთ კორეის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დროს. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები მსგავს ქმედებას უკრძალავს, ფხენიანმა რაკეტების 50-ზე მეტი გამოცდა ჩაატარა 2022 წელს.