Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია - დეგნანი


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის მსგავსი გამოძიება "მნიშვნელოვანი კომპონენტია" და ამასთან, იმედოვნებს, რომ გაჟღერებულ ბრალდებებს საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურები გამოიძიებენ.

ამის შესახებ ელჩმა დღეს, 13 აპრილს, ისაუბრა მედიასთან სასტუმრო "რედისონში" გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მას ჰკითხეს, რამდენად სანდოა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და განიხილავს თუ არა აშშ დავით კეზერაშვილისთვის სანქციების დაწესებას?

"ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებს, თუმცა გეტყვით, რომ ესაა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოძიება, რათა ღია და დახურული წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და იგი გახდეს საფუძველი ამ გადაწყვეტილებებისა, რაზეც ვსაუბრობთ.

ცხადია, ჩვენ სანამ ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ, საგულდაგულოდ ვსწავლობთ და განვიხილავთ, როცა გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია და რა თქმა უნდა, BBC-ის მსგავსი გამოძიება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამისა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ბრალდებები და ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურებს შეუძლიათ ამის გამოძიება. ეს არის იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს", - ამბობს კელი დეგნანი.

12 აპრილს BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილიც.

BBC-ის გამოძიებას გუშინვე გამოეხმაურა დავით კეზერაშვილი. იგი აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან.

"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს", - აცხადებს კეზერაშვილი.

ამავე განცხადებაში წერია, რომ აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.

"გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება", - წერს კეზერაშვილი ფეისბუკზე.

XS
SM
MD
LG