Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა სააღდგომოდ "საზღვარს" გახსნის


საილუსტრაციო ფოტო. სოფელ ოძისიდან გზა ოკუპირებული ახალგორისკენ მიდის
საილუსტრაციო ფოტო. სოფელ ოძისიდან გზა ოკუპირებული ახალგორისკენ მიდის

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სააღდგომოდ გაუხსნის ჯავის და ახალგორის რაიონების მცხოვრებთ. გადაწყვეტილება დღეს, 13 აპრილს, მიიღეს ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.

პერევის და რაზდახანის(მოსაბრუნი) ე.წ. გამშვები პუნქტები 14 აპრილს, დილის 8 საათზე გაიხსნება და 18 აპრილს, საღამოს 8 საათზე დაიკეტება. როგორც ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესი“ წერს, გადაწყვეტილება მიღებულია ჯავის და ლენინგორის(ახალგორი) რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოსური მხარისგან „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, 14-18 აპრილს, ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას შეძლებენ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული „საშვის“ მქონე მოქალაქეები.

აღდგომის დღესასწაულისთვის, რომელიც 16 აპრილს აღინიშნება, მოქალაქეების თავისუფლად მიმოსვლის საკითხი თბილისის სამთავრობო დელეგაციამ მარტში დააყენა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

  • 2022 წლის აგვისტოდან, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ყოველი თვის 20 რიცხვიდან, 10 დღით ხსნის. ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვებულმა ალან გაგლოევმა მიიღო.
  • ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა საქართველოსთან "საზღვარი" სრულად ჩაკეტა 2019 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს შსს-მ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო გახსნა. ბიბილოვი ე.წ. საზღვრის გახსნის სანაცვლოდ საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG