Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის წყაროდ ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი სახელდება - WP


მრავალი წლის განმავლობაში პენტაგონის დოკუმენტების უდიდესი გაჟონვის წყარო აღმოჩნდა ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი, რომელიც დოკუმენტებს დახურულ ჩათში ე.წ. „გეიმერებისთვის აქვეყნებდა“. როგორც გამოცემა „ვოშინგტონ პოსტი“ წერს, იგი ამ ქაღალდებს აქვეყნებდა, რათა „მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჰყოლოდა ნაცნობები“.

გამოცემამ მოახერხა დახურული ჩათის მონაწილეებთან დაკავშირება Discord მესენჯერში, სადაც გამოჩნდა საიდუმლო დოკუმენტები. ჩათი იმ გეიმერებს აერთიანებს, რომლებიც გატაცებულნი არიან იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით და, როგორც WP წერს, ქრისტიანობით. ჩათში შესვლა მხოლოდ მიწვევით ხდებოდა.

ჟურნალისტებმა მოახერხეს ჩათში გამოქვეყნებული თითქმის სამასამდე საიდუმლო დოკუმენტის გაცნობა. ჯგუფის ორმა წევრმა გამოცემას განუცხადა, რომ მათ იციან იმ პირის ნამდვილი სახელი, რომელმაც გამოაქვეყნა დოკუმენტები, მაგრამ არ გაამჟღავნებენ მის ვინაობას, სანამ საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს.

ეჭვმიტანილის აღწერისას მისი ნაცნობები ამბობენ, რომ ის დაახლოებით 20-25 წლისაა, ნავარჯიშევი და ქარიზმატულია. თავად გაჟონვის სავარაუდო წყარო დახურულ ჩათში ჰყვებოდა, რომ საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის საჭირო დროის ნაწილს სპეციალურ ოთახში ატარებდა, სადაც შეუძლებელია ელექტრონული მოწყობილობების შეტანა.

იგი საიდუმლო ინფორმაციას ჩათის მონაწილეებს უყვებოდა და როდესაც მათ მის შეტყობინებებზე რეაგირება შეწყვიტეს, დოკუმენტების ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო. ზოგიერთი მათგანი შეიცავდა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დეტალურ დიაგრამებს და უკრაინის ელექტროსადგურებზე რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგების შესახებ საიდუმლო სატელიტურ სურათებს. სხვა დოკუმენტებში ნაჩვენები იყო შეერთებულ შტატებზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული დარტყმის შესაძლო ტრაექტორია.

როგორც The Washington Post-ი აღნიშნავს, გეიმერების ჯგუფის, "Thug Shaker Central-ის" სახელს რასისტული ალუზიები ჰქონდა და ერთ-ერთ ვიდეოში თავად ეჭვმიტანილი სასროლ მოედანზე რასისტულ და ანტისემიტურ ლოზუნგებს გაიძახის.
ჩათის მონაწილეებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. მონაწილეებს არ სჯერათ, რომ გაჟონვის ავტორი უცხოური დაზვერვის აგენტია, მაგრამ აღნიშნავენ, რომ საუბრებში იგი აკრიტიკებდა აშშ-ის მთავრობას, სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო საზოგადოებას სურვილის გამო, "ჩაახშონ თავიანთი მოქალაქეები" და "ისინი სიბნელეში ამყოფონ."

ორშაბათს პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები შეიცავს "სერიოზულ რისკებს ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის". გაჟონვის შედეგების შესასწავლად აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა ჯგუფი. ამასთან, უწყება საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების გამკაცრებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG