Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის განცხადებით, „ქოლცენტრების" საქმეზე სხვა ქვეყანაში ხუთი პირი დააკავეს


საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო თაღლითური ონლაინპლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირების გამოსავლენად.

პროკურატურა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც, სავარაუდოდ, მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ. ქოლცენტრების გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა. მოგვიანებით, დაზარალებულები კარგავდნენ გაწეულ ინვესტიციებს, რომლებიც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა.

საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელსა და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ასევე, გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები. განცხადებაში დაკავებულთა ვინაობა დასახელებული არ არის.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა ფართომასშტაბიანი ღონისძიებები.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.

ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.

საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა", - ნათქვამია განცხადებაში.

12 აპრილს BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილიც.

BBC-ის გამოძიებას გუშინვე გამოეხმაურა დავით კეზერაშვილი. იგი აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან.

XS
SM
MD
LG