Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განმარტავს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის შეფერხების მიზეზებს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია საკუთარ ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გარკვეული მედიკამენტების მოწოდება თურქი მომწოდებლების მიზეზით შეიზღუდა. ასოციაცია მოსახლეობას სთხოვს, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდოს.

ასოციაცია წერს, რომ ამ პროცესს ადგილობრივი კომპანიები არ მართავენ. შესაბამის მარეგულირებელ ინსტიტუტს კი მოუწოდებს, რომ „მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი“.

მათი განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისთანავე, ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და მაშინვე ჩაერთვნენ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესში და თურქული მედიკამენტებიც მალე გაჩნდა სააფთიაქო ქსელებში.

თუმცა, ასოციაციის განცხადებით, ახალი ბაზრების გახსნას ახლავს უწყვეტი მიწოდების პირობებთან დაკავშირებული სირთულეებიც, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

მათივე სიტყვებით, კომპანიებს, შესაბამისი კანონმდებლობით, აქვთ ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების ვალდებულება, მაგრამ სექტორისთვის არ იყო შემუშავებილი და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა. მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით ამუშავებულიყო პროექტი, მაკონტროლებლის მხრიდან სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად არ არის უზრუნველყოფილი.

„რეალურად არსებული პრობლემების იგნორირებით ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. სამწუხაროდ, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება“, - ვკითხულობთ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG