საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა ე.წ. ქოლცენტრების საქმეს და თაღლითურ სქემასთან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კავშირს, რაზეც საუბარია BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში. ღარიბაშვილის თქმით, გამოვლინდა, რომ „ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული“ და მის მიერ დაფინანსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ქართულ და ევროპულ საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ ფინანსდებიან „ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით“.
„მინდა გამოვეხმაურო ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც იქნა გამოძიებული, გახსნილი - ე.წ. ქოლცენტრების საქმე. რატომ მინდა ამის თაობაზე გავაკეთო კომენტარი - პირველ რიგში, იმიტომ რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული მასშტაბის, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის ერთი მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ბოლო ერთი წელია, მუდმივად ისმოდა ბრალდებები რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თავად ფინანსდებოდა და ფინანსდება ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ შემაშფოთებელი ფაქტია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქართულმა საგამოძიებო სამსახურებმა საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
„სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნესს ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა, მისმა კომპანიამ გაძარცვა პენსიონერები - მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებიც ქართველ ოპოზიციონერებს შეხვდებიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი მოქალაქეების მძარცველის ფულით დაფინანსებულ პოლიტიკოსებს ხვდებიან.
„ასე რომ, როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენ ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს, მინდა, ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან, აი, მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერის სიტყვებით, ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს აბრალებდა, თითქოს ისინი იყვნენ ჩართული ე.წ. ქოლცენტრების საქმეში, ახლა კი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "საბოლოდ გამოავლინა" და "მთელ საზოგადოებას აცნობა" სიმართლე,
"ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში, ახლა როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე და უნდა მისცენ ახსნა- განმარტებები, თუ რატომ ფინანსდებიან მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
BBC-ის ვებგვერდზე 12 აპრილს გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილიც.
დავით კეზერაშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ის უარს ამბობს ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს, რაც, მისი თქმით, "კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას".
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დავით კეზერაშვილთან ფინანსურ კავშირს უარყოფს.
პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ არანაირი პოლიტიკური დაფინანსება და გარიგება კეზერაშვილთან არ აქვს და ვინც „ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისიერი ადამიანია“.
პარტია "ლელოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ საჭიროებენ ფინანსურ წყაროებს, ვინაიდან ამას უზრუნველყოფენ პარტიის დამფუძნებლები.
კეზერაშვილის ფინანსებთან კავშირს გამორიცხავენ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებიც.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, გამოცემა "ტაბულის" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ტაბულამ“ 2017 წელს შეწყვიტა ფინანსური ურთიერთობა კეზერაშვილთან და სხვა დონორები იპოვა. პარტიაც არ იღებს არავითარ დაფინანსებას მისგან.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მას კეზერაშვილი დახმარებია "გირჩი ტვ-ის" შემთხვევაში, როდესაც ის დახურვის საფრთხის წინაშე იდგა. „ყოფილა შემთხვევები, არჩევნების პერიოდში, როდესაც მას აქეთ შემოუთავაზებია დახმარება, მაგრამ მე ვუთხარი უარი”, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
"სტრატეგია აღმაშენებლის" საგარეო საქმეთა მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტიას "არც არაფერი აქვს დასამალი და ყველა ხარჯი გამჭვირვალეა“.
კეზერაშვილის ფინანსებთან კავშირი უარყო „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
პარტია "გირჩის" წარმომადგენლის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას თქმით კი, მათ დავით კეზერაშვილთან არც კომუნიკაცია ჰქონიათ და არც თანამშრომლობის სურვილი გააჩნიათ, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანი თავისუფლებაა.
რაც შეეხება დავით კეზერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაფინანსების საკითხს - პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ამ კითხვას 17 აპრილს უპასუხა და თქვა, რომ პარტიის დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, რად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იხილოს. დანარჩენი სპეკულაციები და ზღაპრები არ მაინტერესებს“, - თქვა ხაბეიშვილმა.