Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუბლიკის“ დირექტორს სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა


"პუბლიკის" დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის სასამართლო სხდომა
"პუბლიკის" დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის სასამართლო სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი ზურაბ ვარდიაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზურაბ ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტის შენობასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე, დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. 31 მარტის სასამართლო სხდომა კი, რომელიც განაჩენის გამოუცხადებლად დასრულდა, 15 საათს გაგრძელდა.

როგორც ზურა ვარდიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას.

2 მარტს ანალოგიური ბრალდებით დააკავეს „ტაბულის“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილიც. გადაწყვეტილება მის საქმეზე ხვალ, 19 აპრილს, გამოცხადდება.

  • პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
XS
SM
MD
LG