Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკვე მესამედ "ოცნება" "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად არ დარეგისტრირდა სხდომაზე


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები

საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად დღეს, 20 აპრილის სხდომაზეც არ გაიარა რეგისტრაცია კენჭისყრის დაწყებამდე. ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მესამედ მიიღო.

ამ მიზეზით პროცედურულად ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, არ დადგა მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

რეგისტრაციის დაწყებამდე კოლეგებს ისევ მიმართა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ:

"ჩვენი პოზიცია არის, რა თქმა უნდა, უცვლელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად... ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან. დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით რეგისტრაციას."

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა. პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 21 აპრილს, აღარ გაიმართება.

მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის იდეა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მათ ერთიანი პოზიცია აქვთ.

"[კომისია] შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სისტემურად მიუდგება ამ პრობლემებს. გთავაზობთ როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, ამ კომისიაში ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა. სანქციებს, რომელიც აშშ-მა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს", - თქვა 18 აპრილის სხდომაზე საკითხის წარდგენისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

XS
SM
MD
LG