გერმანიაში სარკინიგზო მიმოსვლა პარალიზებულია გაფიცვის გამო, რომელშიც 50-მდე კომპანიის თანამშრომლები მონაწილეობენ.
ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, რკინიგზელთა პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გამაფრთხილებელი გაფიცვა დღეს, ადგილობრივი დროით 03:00 საათიდან დაიწყო.
მეორე დღეა, გაფიცული არიან ჰამბურგის, დიუსელდორფის და კიოლნის აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებიც. დღეს მათ შეუერთდნენ შტუტგარტის და კარლსრუეს აეროპორტების თანამშრომლებიც.
აეროპორტებში გაფიცვის ინიციატორია პროფკავშირი Ver.di, რომელიც მოითხოვს ღამის საათებში მუშაობისთვის დანამატს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გაზრდას და თანამშრომლების მიერ სადღესასწაულო დღეებით სარგებლობას. რკინიგზელთა გაფიცვის ორგანიზატორია პროფკავშირი EVG, რომლის მოთხოვნაა ხელფასის 12%-ით გაზრდა.
გამაფრთხილებელ გაფიცვას წინ უძღოდა დამსაქმებლებთან უშედეგო მოლაპარაკება, რომელიც 11-12 აპრილს მიმდინარეობდა. მოლაპარაკება 27 აპრილიდან უნდა განახლდეს.
გერმანიაში სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენელთა მასშტაბური გაფიცვა იყო მარტის ბოლოსაც.