აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს.
ბაიდენი ამჟამად 80 წლისაა და უკვე არის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. თუ მას 2024 წელსაც აირჩევენ პრეზიდენტად, საპრეზიდენტო ფიცს ის 82 წლის ასაკში დადებს, მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს კი 86 წლის იქნება.
ბაიდენი ფსონს დებს იმაზე, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მიღწეული და ვაშინგტონში მუშაობის 50 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გადაწონის მის ასაკთან დაკავშირებულ შიშებს.
როგორც მოსალოდნელია, დემოკრატიულ პარტიაში ის იოლად მოიპოვებს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსს, ვინაიდან არ ჰყავს სერიოზული მეტოქეები პარტიის შიგნით. მაგრამ, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, მას მწვავე ბრძოლა ელის თავად საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად.
არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ბაიდენმა სამწუთიან ვიდეოში გამოაცხადა. ზუსტად ოთხი წლის წინათ, 2019 წელს, მან მსგავსი განცხადება გააკეთა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
„მე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში ამერიკის სულის შესახებ და ეს დღემდე ასეა“, - თქვა ბაიდენმა სამშაბათს. „შეკითხვა, რომლის წინაშეც ვდგავართ ახლა, არის ის, მომავალ წლებში მეტი თავისუფლება გვექნება თუ ნაკლები თავისუფლება. მეტი უფლებები თუ ნაკლები.“
„თავისუფლება. პირად თავისუფლებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმისთვის, თუ ვინ ვართ ჩვენ, ამერიკელები. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი. არაფერია უფრო წმინდა“, - თქვა ბაიდენმა ვიდეომიმართვაში.
„ახლა არაა დამშვიდების დრო. აი, ამიტომ ვიყრი კენჭს ხელახლა არჩევისთვის“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.