რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას ითვალისწინებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტეს შეინარჩუნონ უკრაინის მოქალაქეობა, იქ ცხოვრება 2024 წლის 1 ივლისამდე შეუძლიათ. ამის შემდეგ შესაძლოა განხორციელდეს მათი რუსეთში დეპორტაცია.
პუტინის განკარგულების ცალკე პუნქტი ეხება იმ პირთა დეპორტაციას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთში "კონსტიტუციური სისტემის საფუძვლების იძულებით შეცვლას", აფინანსებენ ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობას ან მონაწილეობენ "არასანქცირებულ" ქმედებებში, დეპორტაციას დაექვემდებარებიან და აეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა.
რუსეთის ლიდერის ამ ბრძანებულებაზე უკრაინის ხელისუფლების რეაქცია ჯერ არ გავრცელებულა.