Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ


არჩევნები ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქში
არჩევნები ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქში

ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ტარდება. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების ცნობით, საარჩევნო უბნები კანონით გათვალისწინებულ დროს გაიხსნა და კენჭისყრა დილის 08:00 საათიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში ჯამში 75 საარჩევნო უბანია გახსნილი. უმეტეს მათგანში არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება. კერძოდ, ხობის 24 უბნიდან 19-ში, სენაკის 34 უბნიდან 29-ში, ფოთში კი - 17-ივე უბანში.

ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატია: პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი ბესიკ წულეისკირი და „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბია.

გიორგი ხახუბია ყოფილი მაჟორიტარის, ირაკლი ხახუბიას შვილია, რომელიც 2022 წლის 27 ოქტომბერს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სწორედ მას შემდეგ გახდა ამ ოლქში არჩევნების ჩატარება საჭირო.

კანდიდატად წარდგენისას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი ხახუბიას მამის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში მოპოვებული ავტორიტეტი დაეხმარება გამარჯვებაში.

გიორგი ხახუბიამ განათლება კავკასიის უნივერსიტეტში მიიღო, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. სხვადასხვა დროს იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელ ბისკ წულეისკირს ოლქის მცხოვრებლები ძირითადად იცნობენ, როგორც სამოქალაქო აქტივისტს სხვადასხვა საპროტესტო აქციიდან. 2022 წლის სექტემბერში მან სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს აღდგენის მოთხოვნით პირი ამოიკერა. პროტესტი მეორე დღეს შეწყვიტა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან გასაუბრების შემდეგ.

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

XS
SM
MD
LG