Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირების მიღების შემდეგ ზუგდიდის ბაზარში დასაქმებულებმა აქცია შეწყვიტეს


აქცია ზუგდიდის ბაზართან
აქცია ზუგდიდის ბაზართან

ზუგდიდის ბაზართან შეწყდა აქცია, რომლის მონაწილეებიც გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვდნენ. აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც ბაზარში დასაქმებულებმა ადმინისტრაციისგან პრობლემის უახლოეს დღეებში გადაწყვეტის დაპირება მიიღეს.

ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მერიაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერის მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და მაიზერ ნანავა აქციის მონაწილეებსაც გაესაუბრნენ.

ბესიკ ჭეჟია მოვაჭრეებს დაეთანხმა, რომ გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, თუმცა ისე, რომ არ დაირღვეს ბაზრის გარეთ მოვაჭრეების უფლებებიც. პრობლემის მოგვარებაზე მერის მოადგილის დაპირების არ სჯერათ ბაზარში დასაქმებულებს, რადგან ასეთი პირობა მათ სხვა დროსაც არ შეასრულეს.

“მერია ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად… ამ ადამიანების მოთხოვნა არის სამართლიანი, მაგრამ ვინც ბაზრის გარეთ ვაჭრობს, არც მათ ულხინთ და ერთი ხელის აღებით გადაწყვეტილების მიღებაც არ იქნება სწორი. ყველა მოქალაქე ჩვენთვის არის ერთნაირი… მერია მუშაობს ალტერნატიული ფართების მოძიებაზე”, - განაცხადა მერის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, აიკრძალოს გარევაჭრობა და ის სივრცე გათავისუფლდეს მანქანებისთვის, რათა ბაზარში მისულმა მყიდველმა ტრანსპორტის გაჩერება შეძლოს.

მოვაჭრეებმა აქცია იმ პირობით შეწყვიტეს, რომ მერიის დაპირება ერთ კვირაში შესრულდება. ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს განაახლებენ და შიმშილობასაც დაიწყებენ.

ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციას დღეს, 1 მაისს, დილიდან მართავდნენ. მათ პროტესტის ნიშნად ბაზრის კარები ჩაკეტეს. ჰქონდათ ცენტრალური გზის ჩაკეტვის მცდელობაც, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. აქციამ მოგვიანებით მერიასთან გადაინაცვლა.

გარევაჭრობის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თუმცა ყოველი პროტესტის შემდეგ მოვაჭრეებს ისევ აძლევდნენ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG