Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი „უცნობის“ აქციაზე: ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული აქცია


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის კითხვის პასუხად შეაფასა 30 აპრილს თბილისში მუსიკოსისა და ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობისა“ და მსახიობისა და ყოფილი დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის, მიერ ორგანიზებული აქცია და თქვა, რომ ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული აქცია.

„მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული აქცია და პირიქით, ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და დააბრუნონ საკუთარ ინტერესში, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილების მიღებისას. ეს ეროვნული ინტერესი რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან, საქართველოს ხსენება სადაც იქნება. ყველაფერთან რომ ელანდებათ პრორუსულობა და ანტიდასავლურობა, ეს არის პრობლემა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ოპოზიცია მივიდა იქამდე, რომ სადაც ითქმება სიტყვა ქართული, ელანდებათ პრორუსულობა და ანტიდასავლურობა, მათთვის უკვე ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს, როგორც ჩანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია დასცილდა ქართველ ხალხს, ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს და მოქმედებს სხვისი კარნახით და ინტერესებით.

გუშინ, 30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, აქცია გაიმართა - აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

აქციის დასასრულს მისმა ორგანიზატორებმა მოთხოვნები ჩამოთვალეს:

  • ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორულ რეჟიმს“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.
  • უნდა გატარდეს სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა, „რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის“.
  • ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს - „კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.
  • დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.
  • ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა.
  • პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, „რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG