Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცი: უკრაინამ გერმანიისგან მიღებული იარაღი არ უნდა გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ბერლინი, 25 იანვარი, 2023.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ბერლინი, 25 იანვარი, 2023.

უკრაინამ გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი არ უნდა გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის დაბომბვისთვის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბენდორფში განაცხადა საზოგადოებასთან დიალოგის ფარგლებში გამოსვლისას.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის სხვა ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, იმავე მოთხოვნას უყენებენ კიევს. შოლცის თქმით, უკრაინას დახმარება სჭირდება, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და კონფლიქტში ნატოს ჩართვა.

შეერთებულმა შტატებმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი არ უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისოდ აღიარებული რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ იერიშისთვის.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინი კიევისთვის იარაღის მიწოდებას მხოლოდ მოკავშირეებთან შეთანხმებით წყვეტს.

მანამდე შოლცმა გამორიცხა უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და ამის მიზეზად დაასახელა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ის არ განიხილავს თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობას.

უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თანამედროვე იარაღის, კერძოდ, ATACMS რაკეტებისა და ავიაგამანადგურებლების მიწოდების სანაცვლოდ იგი მზადაა, უარი თქვას მათ გამოყენებაზე რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, მათში იგულისხმება თუ არა ასევე სამიზნეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ანექსირებულ ყირიმში.

ნატოს ქვეყნებმა უკრაინაში გაგზავნეს დაპირებული სამხედრო ტექნიკის 98%-ზე მეტი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის 1550-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 230 ტანკი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა“, - აღნიშნა მან.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატო „ცეცხლს ეთამაშება“ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით.

XS
SM
MD
LG