Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე" - გერმანელი დეპუტატი "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ ინიციატივაზე


 კრისტიან პეტრი, სოციალ-დემოკრატიული პარტია
კრისტიან პეტრი, სოციალ-დემოკრატიული პარტია

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა კრისტიან პეტრმა პარლამენტში ქართველ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. კრისტიან პეტრის შეფასებით, თუკი ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე, ვინაიდან ყველა ხელისუფლება და ქვეყანა იმის მიხედვით ფასდება, რამდენად იცავს ადამიანების, განსაკუთრებით უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კანონპროექტები და ინიციატივები საზოგადოებიდან მოდის და პარლამენტში ამ გზით შემოდის. თუმცა რაც შეეხება ამ სრულიად განსაკუთრებულ შემთხვევას, რომელიც ლგბტ ადამიანებს ეხება, ვფიქრობ, რომ ქვეყანა, მმართველობა იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა ის სხვადასხვა ჯგუფებს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებებისა, რწმენისა, ცხოვრების წესისა, ეს უნდა იყოს დისკრიმინაციის გარეშე, ჯარიმების თუ დასჯის შიშის გარეშე. თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე", - განაცხადა კრისტიან პეტრმა.

ამავე ინიციატივაზე დღეს კითხვა დაუსვეს დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის, ვინც გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა.

"საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ უფლებებს და, ცხადია, მათი შეზღუდვა წარმოუდგენელია და ეს ასე ვერ მოხდება. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება არის გამყარებული კონსტიტუციით, ანტიდისკრიმინაციული კანონით და შესაბამისად, ეს არის ხელისუფლების პოზიცია, ეს არის ის კანონმდებლობა, რომელიც მიღებულია დიდწილად ჩვენი ხელისუფლების პირობებში", - ასე უპასუხა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" კითხვას "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ.

პარლამენტში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს" წამყვანების ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სამ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ იკრძალება. ამ ინიციატივის განხილვის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირაა მითითებული (4 მაისი - საკომიტეტო მოსმენა; 5 მაისი - პლენარულ სხდომაზე განხილვა).

პარალელურად, 2 მაისს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მზადაა კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის ინიციატივები, რომლებიც გასულ კვირას "უცნობის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე გაჟღერდა. ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა იყო.

XS
SM
MD
LG