Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ორ პირს მსჯავრი დაუმძიმა


„ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის მონაწილეები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეღწევას ცდილობენ. 5 ივლისი, 2021 წელი
„ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის მონაწილეები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეღწევას ცდილობენ. 5 ივლისი, 2021 წელი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობისთვის გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ 1 წელი და 3 თვე მიუსაჯა, რაც უკვე მოიხადეს.

რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, მათთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა:

  • ზაზა ჭაავა - 1 წელი;
  • მურად დევლარიშვილი - 1 წელი;
  • გენო ჰერმანიშვილი - 3 წელი;
  • გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი;
  • თედო ბურდული - 3 წელი.

საქმის ეს კონკრეტული ეპიზოდი ეხებოდა „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის, ასევე "ფორმულის" ფოტოგრაფის, ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ძალადობას.

ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა.

თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG