სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 14 წლამდე მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციას სოფლის რწმუნებულმა აცნობა. მან ბავშვის მონაყოლზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამა მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა.
"[ოჯახში] ვიკითხე, თუ ხუთი წელი ეს ხდებოდა, ეჭვის დონეზე რაღაცა ისეთი ქმედება მაინც როგორ ვერ ნახეს?! დედამ მითხრა, მამასა და შვილს შორის რა ეჭვი უნდა შემეტანაო?! სამი დღეა, რაც ეს გავიგეო, უცნაურად იქცეოდა ბავშვიო, წერილს წერდა და წავართვიო - თვითმკვლელობაზე წერდა. გამოტყდა მიზეზზე და თქვა, ასეთი რამ [მოხდაო]", - ჰყვება სოფლის რწმუნებული. იგი ამბობს, რომ ძალადობის შესახებ თავდაპირველად ბავშვის ბაბუისგან (დედის მამა) გაიგო.
"ბაბუა დამიკავშირდა, მთხოვა, სახლში ჩავსულიყავი მეზობელ სოფელში. მერე მითხრა, რომ ჩემი შვილიშვილი მამამისმა გააუპატიურაო - სახლში მყავს შვილიშვილიც და დედაცო. შვილმა მითხრაო...
ამ ბავშვს უმცროსი და და ძმა ჰყავს. ბიჭი 3 წლის არის, უმცროსი და სკოლაში დადის. მსხვერპლი 14 წლის არ არის. როცა გავიგე, ვაცნობე პოლიციას, ეგრევე მოვიდნენ... [ადრე] ჩხუბი ჰქონია ცოლთან, გაყრილებიც იყვნენ", - უთხრა სოფლის რწმუნებულმა რადიო თავისუფლებას. იგი ამბობს, რომ ის პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 9 მაისს, გაავრცელა განცხადება, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს 47 წლის მამა და მისი მეზობელი. მეორე დაკავებულის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 28 წლისაა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ.", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორივე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება.