Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინმა შოიგუს მოუწოდა, ბახმუტში ჩავიდეს


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბახმუტში ჩასვლა სთხოვა „საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში მისი მრავალწლიანი გამოცდილების“ გათვალისწინებით. მიმართვის ტექსტი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ვაგნერი“ აკონტროლებს ბახმუტის ტერიტორიის 95 პროცენტს და აგრძელებს შეტევას. პრიგოჟინის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან განლაგებული.

„რთული ოპერაციული ვითარებიდან გამომდინარე, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, ჩამობრძანდეთ რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტი ბახმუტის ტერიტორიაზე და დამოუკიდებლად შეაფასოთ არსებული მდგომარეობა“, - ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ ანა მალიარმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში 2 კილომეტრით წაიწიეს წინ. მისი თქმით, რუსები შეგნებულად ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას იარაღის ნაკლებობის შესახებ, რათა გაამართლონ ფრონტზე წარუმატებლობა.

პრიგოჟინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საჯარო კონფლიქტში იმყოფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ადრე მან განაცხადა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ბახმუტში პოზიციებს 10 მაისის შემდეგ დატოვებდნენ საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო. მან ამაში დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, პირადად უწყების ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ რუსეთის გაერთიანებულ დაჯგუფებას მეთაურობს.

6 მაისს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა დეტალური ტექსტი „ვაგნერსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტის შესახებ. პუბლიკაციიდან გამომდინარეობს, რომ სამინისტროს წინააღმდეგობის გამო „ვაგნერი“ დიდ ზარალს განიცდის, არ ეძლევა შევსების შესაძლებლობა და „ფაქტობრივად სისხლისგან დაცლილია“.

XS
SM
MD
LG