Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პირდაპირი ავიარეისების შესრულება კიდევ ერთ რუსულ კომპანიას სურს


საილუსტრაციო ფოტო. რუსული ავიაკომპანია "ირაეროს" თვითმფრინავი
საილუსტრაციო ფოტო. რუსული ავიაკომპანია "ირაეროს" თვითმფრინავი

მოსკოვიდან თბილისსა და ბათუმში ავიარეისების შესრულება სურს რუსულ ავიაკომპანია „ირაეროს“, რომელსაც მანამდე საქართველოში არ უფრენია. ავიაკომპანიის პრესსამსახურში რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ნებართვის მისაღებად მიმართეს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს(როსავიაცია), რომლის პასუხსაც 19 მაისს ელოდებიან.

ავიაკომპანია „ირაეროს“ ბაზირების პუნქტია რუსეთის ქალაქ ირკუტსკის საერთაშორისო აეროპორტი. კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მას აქვს რეგულარული და ჩარტერული რეისები რუსეთში, ჩინეთში, თურქეთსა და მონღოლეთში.

საიტის თანახმად, კომპანიის საავიაციო პარკშია თვითმფრინავები: Airbus A319, Superjet 100, Bombardier CRJ-200LR და სხვადასხვა მოდელის АН.

რუსულმა ავიაკომპანია "ირაერომ" ნებართვის მისაღებად განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც.

ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფმა სააგენტომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისების კვირაში შვიდჯერ შესრულების ნებართვა 15 მაისს მისცა რუსულ ავიაკომპანია "აზიმუტს". ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ავიაკომპანია უკრაინის მიერაა სანქცირებული.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 15 მაისს განაცხადა, რომ მოთხოვნაა რუსეთიდან როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებით ფრენაზე, როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან. დავითაშვილმა დაკონკრეტების გარეშე თქვა, რომ განაცხადები წარდგენილი აქვს სამ რუსულ და ერთ ქართულ კომპანიას.

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.

  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
  • რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
  • 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.
XS
SM
MD
LG