Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ ლევან ბერძენიშვილის მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოიყენა


“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პროფესორ ლევან ბერძენიშვილის მიმართ წარმოებულ სიძულვილის კამპანიაზე.

პასუხის გაცემისას ირაკლი კობახიძემ ლევან ბერძენიშვილის დამამცირებელი ლექსიკა გამოიყენა და ეჭვი შეიტანა იმ ფაქტის ნამდვილობაში, რომ პროფესორის სახლთან გუშინ ნიღბიანი ადამიანები იმყოფებოდნენ. ლევან ბერძენიშვილმა თავის სახლთან უცხო პირების შეკრების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 15 მაისს, გაავრცელა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ასეთი რამ რომ ყოფილიყო, იარსებებდა შესაბამისი კადრებიც.

„ის ოცი კაცი, რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცია, თან ნიღბიანები იყვნენო და ისე იღიმოდნენო. რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა, როგორც ჩანს, მათი ღიმილი. თან ღიმილი როგორი იყო, ესეც დააკონკრეტა.

მარტივი სპეკულაციაა სინამდვილეში. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და, მე მგონი, ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს. მისი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენად ის, რომ იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი - იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ლევან ბერძენიშვილი გააკრიტიკა როგორც ისტორიული ფიგურების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ასევე იმ ფრაზებისთვის, რაც ნათქვამი აქვს "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე.

"ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა გახსოვთ, ასევე აკაკი წერეთელზე, ასევე დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე. ეხ, ყველაფერი გახსოვთ, ხო?

ასევე თქვენ მოისმინეთ, რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზეც – ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების, მაგრამ, ნუ, ეს გასაკვირი არ არის. წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიაზე ხაზის გადასმას ცდილობს და, ნუ, აწმყოზე რომ იმავეს აკეთებს, გასაკვირი არ არის.

საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი და ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე, ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. სპეკულაციებს შეეშვას, მიხედოს საკუთარ პრობლემებს“, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ლევან ბერძენიშვილის მიმართ წარმოებულ სიძულვილის კამპანიაზე დასმულ კითხვას.

ბოლო დროს სოციალურ ქსელში კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება ამონარიდი ლევან ბერძენიშვილის ცხრა წლის წინათ ჩატარებული საჯარო ლექციიდან "ვაჟა ჩვენი თანამედროვე". სწორედ ეს გახდა ბერძენიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მორიგი კამპანიის დაწყების საფუძველი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლევან ბერძენიშვილს უცხო ადამიანები ხვდებიან იმ სივრცეში, სადაც მისვლას აპირებს. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა მას ყვარლის "ევროკლუბის" "ამერიკულ კუთხეში" ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ადგილზე იყო პოლიციაც, თუმცა ლევან ბერძენიშვილმა მაინც ვერ შეძლო მსმენელებთან შეხვედრა. მაშინ იგი კრიტიკის სამიზნე იმისთვის გახდა, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა.

9 მაისს „მთავარი არხის“ ეთერში ლევან ბერძენიშვილმა ილაპარაკა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შესახებ. „ბიძინა ივანიშვილი არ არის თეორეტიკოსი, მან არ იცის, რა არის ლიბერალიზმი. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ მან უღალატა პრინციპებს. არასდროს არ ჰქონია ეს პრინციპები. მისი პრინციპი არის, რომ მან იცის, როგორ იშოვოს ფული და მან იცის, როგორ არ უნდა იყოს ეს არანაირ ზნეობასთან დაკავშირებული. ის აპირებდა მთელი საქართველოს რაღაც ნარკოტიკის მწარმოებელ ქვეყნად გადაქცევას. კინაღამ კოლუმბია ააშენა საქართველოში. მართალია, მთლად კოკაინი არ იქნებოდა, მაგრამ მარიხუანა ნამდვილად იქნებოდა“, - თქვა ბერძენიშვილმა.

15 მაისს, დილით, მედიაში გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადება ლევან ბერძენიშვილის შესახებ.

„რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, ლევან ბერძენიშვილმა კვლავ მისცა თავს უფლება, უსამართლო ბრალდებებით თავს დასხმოდა ბიძინა ივანიშვილს და ცილისმწამებლური განცხადებები გაეკეთებინა მისი მისამართით. ვინაიდან ბერძენიშვილის მხრიდან მსგავსი ქმედებები სისტემატურ ხასიათს ატარებს და ის გარკვეული პერიოდულობით იმეორებს ცრუ ბრალდებებს, როგორც ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ გავცე მას პასუხი", - ასე იწყება ჩხეტიანის განცხადება.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე წერს, რომ ბერძენიშვილს „საზოგადოებისთვის ისტორიის სწავლების არავითარი მორალური უფლება არა აქვს."

ჩხეტიანის განცხადებით, „ბერძენიშვილს, რომელიც ყოველთვის გარედან მიღებულ მტრულ დავალებებს ასრულებს და საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობას შეგნებულად ამახინჯებს, არავითარი მორალური უფლება არა აქვს, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ისევე, როგორც საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის სხვა მოღვაწეებზე ისაუბროს".

XS
SM
MD
LG