Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები აცხადებენ, რომ მთავრობა ღია მმართველობის პრინციპებს უხეშად არღვევს


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

ღია მმართველობის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ამ პარტნიორობის პრინციპებს.

"ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა ე.წ აგენტების რუსული კანონის მხარდაჭერით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვის ვერ უზრუნველყოფით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით", - წერია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ავტორები მიმართავენ OGP-ის მმართველ კომიტეტს, რომ მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ამ პარტნიორობით გათვალისწინებული მოთხოვნები:

  • "შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის შეწყვიტოს სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია კრიტიკული მედია-საშუალებების (მედიის მენეჯერები, მფლობელები ან/და მათი ოჯახის წევრები) წინააღმდეგ. უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ხელი შეუწყოს მის ფუნქციონირებას; საფუძვლიანად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები";
  • "უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებას";
  • "დაიცვას OGP ღირებულებები და პრინციპები".

განცხადებას ხელს აწერენ: "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "მწვანე ალტერნატივა", "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და "ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის".

OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა.

XS
SM
MD
LG