Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში ბახმუტის და კიდევ 3 მიმართულებით 36 შეტაკება მოხდა


უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები ბახმუტთან. 2023 წლის 15 მაისი
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები ბახმუტთან. 2023 წლის 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 15 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქებზე: ბახმუტზე, ხერსონსა და ოდესაზე. გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა 57 საავიაციო იერიში და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 101-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 36 შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) 17 მაისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე წერს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალები წინ მიიწევენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამასთან, უკრაინის გარდა, რუსეთის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, რომ 17 მაისს, უკრაინის ძალები ბახმუტის მახლობლად განაგრძობდნენ ლოკალურ კონტრშეტევებს.

უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 6 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

XS
SM
MD
LG