Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვეშინია, რომ პრეზიდენტის [ბრიუსელში] ვიზიტი დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ - კობახიძე


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ მთავრობისგან ჯერ კიდევ არ არის თანხმობა მის ბრიუსელში ვიზიტზე 31 მაისს.

"ეს არის მთავრობის ექსკლუზიური უფლება. თუ, მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე", - თქვა კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ეშინია მთავრობას? მან განაგრძო:

"ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები პარლამენტში, როცა მას ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი".

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ვიზიტის შესახებ 27 აპრილს გაგზავნილ მიმართვაზე პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუღია.

"15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას, ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ პრეზიდენტის ვიზიტზე წერილობითი თანხმობა გასცა და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მათ დაასახელეს თარიღები, როდესაც პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს ბოლოს 13 წლის წინ მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG