უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას, 21 მაისს, იაპონიაში ჩავა და პირადად დაესწრება G7-ის("დიდი შვიდეულის") წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება ევროკავშირში თავის წყაროზე დაყრდნობით. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს G7-ის ლიდერთა სამიტში მონაწილეობა ვიდეოკავშირით უნდა მიეღო.
სააგენტო Bloomberg-ის წყაროთა ცნობით, ზელენსკი იაპონიაში ჩავა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით, მანამდე კი, საუდის არაბეთში დაესწრება არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამიტს.
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების: აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის ლიდერთა სამიტს დღეიდან, 19 მაისიდან, მასპინძლობს იაპონიის ქალაქი ჰიროსიმა. სამიტში მონაწილეობენ ევროკავშირის ხელმძღვანელებიც.
სამიტის უმთავრესი თემა უკრაინაა. G7-ის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სანქციები ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც შეეხება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთს სანქცირებულ პროდუქციას აწვდიან მოქმედი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლით.
სამიტის დაწყების წინ, G7-ის წევრი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთს უწესებს ახალ სანქციებს და აკრძალავს რუსული ალმასის, ალუმინის და ნიკელის იმპორტს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჰიროსიმაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული ალმასით ვაჭრობას ევროკავშირიც შეზღუდავს.
როგორც სააგენტო AFP წერს, ევროკავშირის წევრი ბელგია ინდოეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, რუსული ალმასის უმსხვილესი მყიდველია, მზა პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზარი კი აშშ-ია.