Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა, თბილისის აეროპორტთან აქცია მიმდინარეობს


საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან. 19 მაისი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან. 19 მაისი, 2023 წელი

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვი-თბილისის პირველი თვითმფინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრებს საპროტესტო ბანერებით ხვდებიან, ისმის სტვენა და შეძახილები.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე საავტომობილო მსვლელობით გაემართნენ.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს 70-მდე ადამიანი ჩამოჰყვა. თვითმფრინავი 100-მდე მგზავრს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე რეისზე ბილეთების 70 პროცენტი გაიყიდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ავიაკომპანიას პირველ რეისზე ბილეთები გაყიდული აქვს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც - საქართველოდან 55 მგზავრი გაფრინდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG