Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აეროპორტთან დაკავებულების სასამართლო პროცესები მომდევნო კვირაში გაიმართება


აეროპორტთან აქციაზე დააკავეს აქტივისტი, "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე. 19 მაისი, 2023 წელი
აეროპორტთან აქციაზე დააკავეს აქტივისტი, "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე. 19 მაისი, 2023 წელი

დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაკავებული 6 მოქალაქის სასამართლო პროცესები 22-25 მაისისთვის გადაიდო.

დაზუსტებით ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნატა ფერაძის პროცესი ორშაბათს, 22 მაისს, შედგება, 24-შია დანიშნული შუშანა მაცაბერიძის საქმის განხილვა, 25-ში კი გელა ხასიას პროცესი გაიმართება. რადიო თავისუფლება საქალაქო სასამართლოში ცდილობს დანარჩენი დაკავებულების პროცესების თარიღების დაზუსტებას.

აქციაზე დაკავებულ ექვსივე პირს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა.

დღესვე, საღამოს 8 საათზე, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად კიდევ ერთი აქცია პარლამენტის შენობასთანაა დაგეგმილი - დილას აეროპორტთან გამართულ აქციაზე დაკავებულები აპირებენ ამ აქციასაც შეუერთდნენ.

რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. მალევე რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" და ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" მიიღეს პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა.

საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს, 19 მაისს, შესრულდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია "აზიმუტის" გარდა, პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, Red Wings-ს. ეს უკანასკნელი ფრენებს ივნისიდან დაიწყებს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG