Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ "სტუმარ-მასპინძელი" - კობახიძე ზურაბიშვილსა და ხოშტარიაზე


"ქართლი ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
"ქართლი ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "ბნელებს" უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ჩამოსვლის კრიტიკის გამო.

"იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული აქვს ჩადენილი რაიმეში და არც არაფერი საქართველოში, არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე, "სტუმარ-მასპინძელი" ვაჟა-ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში. მაშინ, ზოგადად, მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება, მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც, ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა მე-19 საუკუნეში ვაჟა-ფშაველამ "სტუმარ მასპინძელი", - თქვა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომ "არ დაუშვებს ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, ქართველი ხალხის ქსენოფობიაზე დაიწყოს საუბარი".

"ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ? მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, ჯობია", - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

მისივე სიტყვებით, პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა ამბობს, რომ "ქორწილის ჩაშლა ქართველი ხალხის გამარჯვებაა".

"საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას. ეს არის რეალობა. პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ხალხის სახელით ისაუბროს, ის მთლიანად აცდენილია იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს.

როდესაც პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ხალხის გამარჯვებად, ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა", - თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილისა და სიძის საქართველოში შემოშვებაზე კომენტარისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოჯახის წევრების სანქცირება ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

"თეორიულადაც რომ განვიხილოთ ვინმეს პერსონალური სანქცირება, ეს შეიძლება, შეეხებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქციები ეხებოდეს, ზოგადად, ოჯახის წევრს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გუშინ, 20 მაისს, სასტუმრო "ყვარლის ტბის" მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით თელავში დააკავეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია - ის ყვარელში დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა. ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ამას გარდა, გვიან ღამით საგარეჯოს პოლიციასთან დააკავეს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრი გიორგი ლომიძე.

20 მაისს ორბელიანის სასახლეში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს".

XS
SM
MD
LG