Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალივანი: აშშ-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, თვითონ გადასცემს თუ არა უკრაინას F-16-ებს


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. ვაშინგტონი, 11 თებერვალი, 2022.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. ვაშინგტონი, 11 თებერვალი, 2022.

აშშ მხარს დაუჭერს საერთაშორისო ძალისხმევას თანამედროვე ავიაგამანადგურებლებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების საქმეში, მაგრამ გაიგზავნება თუ არა ეს თვითმფრინავები პირდაპირ შეერთებული შტატებიდან უკრაინაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.

„ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ [F-16-ების] რაოდენობას, რომლებიც ამჟამად ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს აქვთ მარაგში, და იმ ფაქტს, რომ იმ თანხების მოცულობის საფუძველზე, რომელიც კონგრესმა გამოგვიყო, ისედაც ბევრი სხვა პრიორიტეტია სისტემებისთვის, რომლების მიწოდებაცაა საჭირო, შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება მესამე მხარის მიერ გადაცემაზე, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“, - თქვა სალივანმა, რომლის სიტყვები მოაქვს გამოცემა Politico-ს.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 ავიაგამანადგურებლებზე, ასევე მოკავშირეებს უფლება მისცეს, ეს თვითმფრინავები კიევს გაუგზავნონ.

აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგი იყო და ასახელებდა მფრინავების მომზადების ხანგრძლივ პერიოდს, ასევე რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის რისკს.

ამ მიდგომის მიზეზი, სალივანის თქმით, ისაა, რომ გამანადგურებლები არ იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის. მაგრამ პირობები იცვლება, დასძინა მან.

XS
SM
MD
LG