Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდში უპილოტო თვითმფრინავების იერიშმა "ეფესბეს" შენობაში აფეთქება გამოიწვა


ასე გამოიყურებოდა ბელგოროდი 22 მაისს
ასე გამოიყურებოდა ბელგოროდი 22 მაისს

23 მაისის ღამით დრონებმა განახორციელეს იერიში ბელგოროდის ოლქში, სადაც რუსეთისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიმდინარეობს კონტრტერორისტული ოპერაცია, სავარაუდოდ, უკრაინის მხრიდან შემოჭრილი დივერსიული ჯგუფის სალიკვიდაციოდ. აფეთქებები ისმოდა თავად ქალაქ ბელგოროდში მდებარე რუსეთის "ეფესბეს" (ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის) შენობაში.

ბელგოროდის ოლქის სოფელ ბორისოვკაში დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის თავზე. აფეთქებამ გახვრიტა შენობის სახურავი, მაგრამ, როგორ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უთხრა მედიას, იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ცნობა დრონიდან განხორციელებული მეორე იერიშის თაობაზე, რომელმაც საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.


ინტერნეტპორტალ "სოტას" ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის ეპიცენტრში, ქალაქ გრაივორონსკში, უპილოტო თვითმფრინავებმა ასევე განახორციელეს იერიშები ორ საცხოვრებელ სახლზე. დაბომბვის შედეგად შენობებს ცეცხლი გაუჩნდა.

გუბერნატორმა გლადკოვმა განაცხადა, რომ გრაივორონსკის ევაკუირებული მოსახლეობა უმჯობესია, არ დაბრუნდეს საკუთარ სახლებში. 22 მაისს ხელისუფლებამ მოსახლეობა გახიზნა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დრონების იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა.

ამასთან, გუბერნატორის თანახმად, ევაკუაციისას გარდაიცვალა ქალი, რომლის სიკვდილის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. გლადკოვის ცნობით, დასახლებულ პუნქტებში, სადაც „მოწინააღმდეგე შევიდა“, დაჭრილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს.

გრაივორონსკის რაიონზე შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს. მათ 22 მაისს განაცხადეს, რომ "გაათავისუფლეს" ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

22 მაისს უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ განცხადება, რომ ამ ეტაპზე რუსეთის საზღვარზე ქმნიან „დემილიტარიზებულ ზონას“, რათა რუსმა სამხედროებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა. ლეგიონის თანახმად, მთავარი მიზანია „პუტინის დიქტატისგან მთელი რუსეთის გათავისუფლება და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტა“.

XS
SM
MD
LG